სუს-ი - საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია
სუს-ი - საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია.

აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლიურ ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისას, პრიორიტეტი ენიჭებოდა ტერორისტული აქტივობების შესაძლო დაფინანსების ან სხვაგვარი მხარდაჭერის მცდელობის იდენტიფიცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და აღნიშნულის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო უწყებებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა.

„საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტერორიზმთან შესაძლო დაკავშირებული სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების მონიტორინგს და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ამასთან, მუდმივად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების უახლესი მეთოდების და ტენდენციების კვლევა. 2019 წელს სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიიღო „საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში“ და მისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტის მეოთხე თავში შეფასებული და გაანალიზებულია ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული რისკები.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია. ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების აღმოჩენის მიზნით, აქტიურად ხდებოდა როგორც ოპერატიული, ისე საგამოძიებო მექანიზმების გამოყენება. საანგარიშო პერიოდში კონკრეტული საფინანსო ოპერაციები არაერთხელ გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეტალური შესწავლის საგანი. ამ ეტაპზე ქვეყანაში, ან ქვეყნიდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ ფიქსირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.