სუს-ი - „ჰიბრიდული ომის“ პირობებში, სასურველი მიზნის მისაღწევად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მიკერძოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწყობენ ხელს  
სუს-ი - „ჰიბრიდული ომის“ პირობებში, სასურველი მიზნის მისაღწევად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მიკერძოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწყობენ ხელს  

საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

დოკუმენტის მიხედვით, „ჰიბრიდული ომის“ პირობებში, სასურველი მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ზეგავლენის იარაღად იყენებენ, ახორციელებენ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას ფარული სპეციალური ღონისძიებების გზით.

როგორც სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში.  კერძოდ, მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული  ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.