2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ხუთ საქმეზე
2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ხუთ საქმეზე

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული თუ დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას, ასევე, მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას, – აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2020 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში – სისხლის სამართლის 5 საქმეზე.

„ამასთანავე, გასულ წელს აღნიშნული დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა საგამოძიებო უწყებებში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ საქმეზე. ამავე დროს, ცალკეული ქვეყნები, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობებს.

საქართველოს თავდაცვის სისტემების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში, აღნიშნული აქტორების განსაკუთრებული დაინტერესების საგანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობები. 2020 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.