სუს-ი - ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
სუს-ი - ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება, რაც ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის თანმდევი პროცესების არაჰუმანურ და დანაშაულებრივ არსს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, 2021 წელს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ე.წ. შიდაპოლიტიკური პროცესები მოსკოვის ჩარევით ვითარდებოდა.

„ადგილზე მოქმედი ე.წ. პარტიები თუ გაერთიანებები მკვეთრად პრორუსულ განწყობებს ინარჩუნებდნენ. რუსეთის მიერ, ასევე, სრულად კონტროლდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. საკვანძო/სტრატეგიული უწყებები და სფეროები (ე.წ. საზღვრის დაცვა, ე.წ. საბაჟო, „სამართალდამცავი უწყებები“, ე.წ. თავდაცვის სამინისტროები და ა.შ.)“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

„ე.წ. ხელისუფლებას ძირითადად აკრიტიკებდნენ კორონავირუსთან არაეფექტიანი ბრძოლის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული გამოწვევების (ძირითადად, კრიპტოვალუტის მაინინგი), კორუფციის, კრიმინალის მაღალი დონისა და ზოგადად, უუნარო ე.წ. მმართველობის გამო. ე.წ. ოპოზიციის სასარგებლოდ დასრულდა პროტესტი ე.წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად, ე.წ. კონცეფციიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი „ცენტრალურ ხელისუფლებასთან მრავალდონიანი მოლაპარაკების“ შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ მოვლენებს თან სდევდა ქუჩაში გამოსვლის შესახებ ხმამაღალი მოწოდებები და საპროტესტო აქციები, ე.წ. ოპოზიციამ რეალურ შედეგს ვერ მიაღწია, რადგან არ ჰქონდა მოსკოვის მხარდაჭერა და იმავდროულად მოსახლეობაშიც არ იყო სათანადო საპროტესტო მუხტი“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 2020 წელს დაწყებული ე.წ. პოლიტიკური კრიზისი 2021 წელსაც გაგრძელდა.

„აღნიშნული რამდენიმე ეტაპად განვითარდა და შესაძლოა, დაიყოს სამ ძირითად მიმართულებად: 1. ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმის გარშემო არსებული პროტესტი; 2. ე.წ. პარლამენტის ბოიკოტირება „ოპოზიციონერი დეპუტატების“ მხრიდან; 3. „მმართველი“ პარტიის მიერ ე.წ. ბიუჯეტისა და ე.წ. მთავრობის „პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით დამტკიცება“.

ხაზგასასმელია, რომ მოსკოვი აღნიშნულ პროცესებში ე.წ. მმართველ ძალას უჭერდა მხარს. ოკუპირებულ ცხინვალში ჩასულმა რუსულმა დელეგაციამ ე.წ. ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშემშლელ მიზეზად ე.წ. პარლამენტის საქმიანობის პარალიზება დაასახელა და ე.წ. დეპუტატებს „სამართალშემოქმედებითი“ საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

საანგარიშო წლის მეორე ნახევარში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ოპოზიციას“ შორის დაპირისპირება საოკუპაციო ხაზის ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის გამო გამწვავდა. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და 200 კმ2-ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის დათმობის მცდელობაში დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატები გარკვეული „პოლიტიკური წინააღმდეგობების“ გაწევას ახერხებდნენ, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ აღნიშნულმა ძალებმა, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის გარეშე, რეალური ცვლილებები ვერ განახორციელეს“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო რეჟიმებისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები.

„2021 წელს საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან არაერთი დეზინფორმაციული განცხადება გავრცელდა. მათი დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების მაქსიმალურად კრიტიკულად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ ვაქცინაციის მიზნით საოკუპაციო ხაზის კვეთისგან. გამოგონილი ბრალდებები ისმოდა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართულებით, თითქოს ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შემუშავებით იყო დაკავებული. დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლებებიც, რომლებიც საოკუპაციო ძალების მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროდ გამოცხადდა. დამაზიანებელი დეზინფორმაცია გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების ჯანდაცვის პროგრამის შესახებ. აღინიშნა, თითქოს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსულთა უმეტესობა არასათანადო სამედიცინო სერვისების გამო იღუპებოდა. დე ფაქტო რეჟიმების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები რუსული ე.წ. საინფორმაციო ომის ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. მათი ძირითადი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საოკუპაციო ძალები აქტიურად განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„საანგარიშო პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, ე.წ. საპატიმრო დაწესებულებაში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, 2021 წლის 14 ივლისს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა ზაზა გახელაძე, რომელსაც უკანონოდ 12 წელი და ექვსი თვე ჰქონდა „მისჯილი“. 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ, ცხრა წლით „აღუკვეთა“. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას.

სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება, რაც ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის თანმდევი პროცესების არაჰუმანურ და დანაშაულებრივ არსს. 2021 წლის ნოემბერში ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოეცა გენადი ბესტაევი, რომელიც ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებამდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, რასაც შემდგომში მისი გარდაცვალება მოჰყვა. საოკუპაციო რეჟიმების უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ამ კონტექსტში, ხაზგასასმელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალად რუსეთის ფედერაციას განსაზღვრავს და იქ მომხდარ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე პასუხისმგებლობას სწორედ მოსკოვს აკისრებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.