როგორც წესი, ნისლეულებს სახელს მათი ფორმის მიხედვით არქმევენ, როგორც ისინი დედამიწიდან ჩანს. ასე მოხდა გულის ნისლეულის შემთხვევაშიც. მდებარეობს ჩვენგან 7500 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის პერსევსის მკლავში, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით. ნისლეული 1787 წლის 3 ნოემბერს, გერმანელ-ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. ნისლეულში ნათლად ჩანს მანათობელი აირები და შედარებით მუქი მტვრის ბილიკები.
ნისლეულის ფორმას და ძლიერ წითელ შეფერილობას მის ცენტრთან ახლოს არსებულ ვარსკვლავთა მცირე ჯგუფისგან წამოსული რადიაცია წარმოქმნის. გულის ნისლეულს ფოტოს ცენტრიდან მარცხენა ნაწილში ხედავთ.
მის ქვემოთ, მკრთალი ლაქის სახით მოჩანს სულის ნისლეული, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა. სხვა ასეთი ნისლეულების მსგავსად, სულის ნისლეულიც შეიცავს მოზრდილ სიცარიელეებს, რომლებსაც რეგიონში არსებულ მასიურ ვარსკვლავთა ქარები წარმოქმნის.
ამ ორ მეზობელ ობიექტს ხშირად ერთობლივად მოიხსენიებენ სულისა და გულის ნისლეულის სახელით.
ნისლეულები საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ კოჯრიდან გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.