„სუხიშვილები“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებენ, სადაც თხოვენ კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.