70 წლის ელდარ გუნდიშვილი, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა
70 წლის ელდარ გუნდიშვილი, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა

ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ 70 წლის მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აქვს. ელდარ გუნდიშვილს სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები მუცლის არეში აღენიშნება.

გორის რაიონის სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი, რომელიც ოკუპანტებს უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, აცხადებს, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა ოკუპირებულ ცხინვალში არ მიუყენებიათ, თუმცა დაკავების დროს ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც წაიქცა.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ელდარ გუნდიშვილი ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გუნდიშვილს სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება.

ელდარ გუნდიშვილი პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტში გუშინ განმეორებით გამოკითხეს და აღმოჩენილი დაზიანებების გამო სხეულზე ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ელდარ გუნდიშვილი გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრია. ის ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს და 24-საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი