ვაჟა გაფრინდაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა
ვაჟა გაფრინდაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა

ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ ქვემო ჭალაში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა.

ექიმი, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში 48 დღე გაატარა, გახელაძის ოჯახის წევრებს მეუღლესთან ერთად შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გახელაძის ოჯახს იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ისინი დღეს არიან. ჩემს ოჯახს გამოვლილი აქვს ეს მწვავე სიტუაცია და ვიცით, რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს; აუცილებელია ყველას თანადგომა – პრეზიდენტის, მთავრობის, ხალხის, რომ ზაზამ თავი მარტოდ არ იგრძნოს. ეს თანადგომა სჭირდება ყველა დაკავებულს, მაგრამ ზაზას განსაკუთრებით, რადგან მსგავსი გაუგონარი შემთხვევა, მგონი ბოლო ათი წელია, არ მომხდარა. ცხინვალი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს – ზაზამ ხან ორჯერ, ხან რვაჯერ, ხან ათჯერ ისროლა, ახლა ხუთჯერო, ხვიჩა მღებრიშვილს ღამურების კოლექცია ჰქონდაო, ვიღაცას შეიძლება, პუტინზე თავდასხმის მცდელობა დააბრალონ. ახალი პრაქტიკა აქვთ, პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ, მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აღარ შემოიფარგლებიან. ამ ყველაფერს ჩვენი ერთიანობა და თანადგომა უნდა დავუპირისპიროთ“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა შეხვედრის გახელაძის ოჯახთან შემდეგ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა, 28 დეკემბერს კი, 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.