სუდანში სამხედრო გადატრიალების ლიდერი თანამდებობიდან გადადგა. რამდენიმე დღის წინ ფორმირებული სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, ავად იბნ აუფმა თანამდებობა გადატრიალებიდან ერთ დღეში დატოვა.
სახელმწიფო ტელევიზიით საგანგებო განცხადების დროს თავდაცვის მინისტრმა მის შემცვლელად გენერალი აბდელ ფატად აბდერლაჰმან ბურჰანი დაასახელა.
სუდანში რამდენიმეთვიანი დემონსტრაციების შემდეგ სამხედრო გადატრიალება 11 აპრილს მოხდა. არმიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს. საგანგებო განცხადების დროს, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ორწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს. ამასთან, სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა და 22:00 საათის შემდეგ კომენდანტის საათი გამოცხადდა.
სუდანის დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომის აღსანიშნავად გამოსულმა ათობით ათასმა აქტივისტმა სამხედრო საბჭოს დამორჩილებაზე უარი განაცხადა. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური მმართველობა უნდა დამყარდეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ სამხედრო გადატრიალების წევრები ომარ ალ-ბაშირის მთავრობის წარმომადგენლები არიან.
მოგვიანებით, სამხედრო საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი ძალაუფლებაში დარჩენა არ არის და ორწლიანი გარდამავალი პერიოდი შესაძლოა, გაცილებით ადრე დასრულდეს.