„როიტერი“ - სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში კაშხლის გარღვევის შედეგად რამდენიმე სოფელი განადგურდა, არის მსხვერპლი
სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში კაშხალი გაირღვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი სოფელი განადგურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ დაღუპულია ათობით ადამიანი.
ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ ქვეყანაში წყალდიდობა და არბაატის კაშხალში წყლის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია.
კაშხალი სასმელი წყლის მთავარი წყარო იყო ქალაქ პორტ-სუდანისთვის, სადაც ქვეყნის მთავარი პორტი და მოქმედი აეროპორტი მდებარეობს. ადგილობრივ გარემოს დამცველთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქალაქს სასმელი წყლის დეფიციტი ემუქრება.
სუდანში კაშხლების, გზებისა და ხიდების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაში იყო ჯერ კიდევ სუდანის არმიისა და გასამხედროებულ ჯგუფებს შორის 2023 წლის აპრილში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.