სუდანში ნავის ჩაძირვის შედეგად, სკოლის 24 მოსწავლე და მათი მასწავლებლები დაიღუპნენ
სუდანში, მდინარე ნილოსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სკოლის 24 მოსწავლე და მათი მასწავლებლები დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ტრაგედიის დროს ნავში სულ 40 ბავშვი იმყოფებოდა. ისინი ნავის საშუალებით სკოლაში მიდიოდნენ. როგორც ცნობილია, სხვა დროს ბავშვები სასწავლებელში წასასვლელად ნავს არ იყენებდნენ. თუმცა, რეგიონში მძვინვარე სტიქიის გამო, უეცრად მოვარდნილმა წყალმა სოფელსა და სკოლას შორის დამაკავშირებელი გზა ჩახერგა, რის გამოც ბავშვებსა და მათ მასწავლებლებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავის გამოყენება უწევდათ.
BBC-ს ცნობით, კატასტროფის დროს შვიდიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვები პანიკამ მოიცვა. ისინი ნავის ერთ მხარეს მოგროვდნენ. ამან კი ნავის გადატრიალება გამოიწვია. კატასტროფის დროს მხოლოდ ერთმა ოჯახმა ხუთი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაკარგა.
როგორც ცნობილია, დიდი რაოდენობით მსხვერპლი სატელეფონო კომუნიკაციის გაუმართაობამ გამოიწვია. კატასტროფის დროს მაშველებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ მივიდნენ. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.