სუდანის დედაქალაქ ხართუმში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან შეტაკებები მიმდინარეობს [ვიდეო]
სუდანის დედაქალაქ ხართუმში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან შეტაკებები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებები სახელმწიფო ტელევიზიის შენობაშიც გაგრძელდა. ტელევიზიის ეთერში ისმოდა სროლის ხმა.
შეტაკებები სუდანის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლებს შორის მიმდინარეობს. ხართუმის თავზე სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.
„ბიბისის“ ცნობით, საჰაერო დარტყმა განხორციელდა ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე. ჭურვი ასაფრენ ზოლზე სამგზავრო თვითმფრინავს დაეცა. არსებული ცნობებით, დაღუპულია ორი ადამიანი.
დაჯგუფებაში „სწრაფი რეაგირების ძალები“ განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე. თუმცა არმიაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებენ ყველა აეროპორტსა და სამხედრო ბაზას. შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ „სწრაფი რეაგირების ძალების“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ორივე დაპირისპირებული მხარე ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
სუდანს 2021 წელს გენერალ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სუვერენული საბჭოს მეშვეობით სამხედრო მაღალჩინოსნები მართავენ.
როგორც „ბიბისი“ წერს, „სწრაფი რეაგირების ძალებს“ სუვერენული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო ხელმძღვანელობს, არმიის სათავეში კი გენერალი აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანი დგას, რომელიც სუვერენული საბჭოს თავმჯდომარეა.
გასული წლის ბოლოს სამხედრო მეთაურებმა ხელისუფლების სამოქალაქო ჯგუფებისთვის გადაბარების შეთანხმებას მიაღწიეს. სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გეგმა ორწლიან გარდამავალ პერიოდს მოიცავდა.
სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი რეაგირების ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებდა. გასამხედროებული დაჯგუფება ამის 10 წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.