„როიტერი“ - სუდანის გასამხედროებულმა დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციაზე და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე
სუდანის გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი რეაგირების ძალების“ განაცხადებით, კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციაზე და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ცნობები სუდანის დედაქალაქში „სწრაფი რეაგირების ძალებსა“ და სუდანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებების შესახებ. თვითმხილველების ინფორმაციით, ხართუმში და მის მიდებარე დასახლებებში სროლის ხმა ისმის. სუდანის დედაქალაქის ქუჩებში ჯავშანმანქანები გადაადგილდება. შეტაკებებია ქალაქ მეროვეშიც.
სუდანის არმიის განცხადებით, „სწრაფი რეაგირების ძალებმა“ რამდენიმე პოზიციაზე თავდასხმა სცადეს. თავის მხრივ, „სწრაფი რეაგირების ძალები“ ამტკიცებენ, რომ მათ დანაყოფებს არმია დაესხა თავს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფ „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სუდანში მდგომარეობის ესკალაცია ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის პროცესს საფრთხეს უქმნის. სუდანს 2021 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამხედრო მაღალჩინოსნები მართავენ სუვერენული საბჭოს მეშვეობით.
როგორც „ბიბისი“ წერს, „სწრაფი რეაგირების ძალებს“ სუვერენული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო ხელმძღვანელობს, არმიის სათავეში კი გენერალი აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანი დგას, რომელიც სუვერენული საბჭოს თავმჯდომარეა.
სუდანში სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი რეაგირების ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. გასამხედროებული დაჯგუფება ამის 10 წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.