„სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში მიღებული განაჩენების კანონიერებას არ ცვლის“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს და არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არც ერთი ინსტანციის განაჩენის კანონიერებას.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ევროსასამართლომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა.
„გადაწყვეტილება დეტალურად არ მინახავს, კომენტარის გაკეთება ინფორმაციის დონეზე შემიძლია და თემის სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ მთავარია ის, რომ ევროსასამართლომ პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა, არ დაადასტურა, არ გაიზიარა. ასევე, პატიმრობის გამოყენების კანონიერებაზე თქვა, რომ ეს იყო კანონიერი. რაც შეეხება საკნის ეპიზოდს, აქ დამაჯერებლად მხოლოდ ის არგუმენტები მიიჩნია, რაც დაცვამ წარადგინა. ეს არ ეხება არც გამამტყუნებელ განაჩენს, არც მის ბრალეულობას, არც პოლიტიკურ მოტივებს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა და არც მოთხოვნილი თანხა არ გაიზიარა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებების ნაწილში, რომელ პოზიციას იზიარებს, რომელს – არა. აქ იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც გავლენას ვერ ახდენს ვერც პატიმრობის კანონიერებაზე, ვერც ბრალეულობაზე მისი დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე ევროსასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ასევე, არ გაიზიარა პოლიტიკური მოტივი, რაზეც ოპონენტები აპელირებდნენ. საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მის გამოტანილ განაჩენთან. ეს გავლენას არ ახდენს და არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არცერთი ინსტანციის განაჩენის კანონიერებას. ამ მხრივ, ევროპულ სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის ასე სამართლებრივ ენაზე და რაც შეეხება პოლიტიკურ ენას, ამას პოლიტიკოსები ხშირად ისე იყენებენ სამწუხაროდ, როგორც მათ მიაჩნიათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და არა ისე, როგორც ეს შეიძლება იყოს მართებული და ობიექტური“, – განაცხადა ბესელიამ.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი. ხოლო, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რაც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას.