სპორტდარბაზებისა და აუზების ინსპექტირება იწყება, ობიექტები, რომლებიც შემოწმებას გაივლიან, დაუყოვნებლივ განაახლებენ ფუნქციონირებას
სპორტდარბაზებისა და აუზების ინსპექტირება იწყება, ობიექტები, რომლებიც შემოწმებას გაივლიან, დაუყოვნებლივ განაახლებენ ფუნქციონირებას

ღია და დახურული საცურაო აუზები, ასევე სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ, მუშაობის განახლებას შეძლებენ. ინსპექტირება დღეიდან იწყება.

შემოწმების გასავლელად გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი აუზები და სპორტდარბაზები დაუყონებლივ შეძლებენ ფუნქციონერების აღდგენას.

საბოლოო რეკომენდაციებზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი გუშინ, გვიან ღამემდე მსჯელობდა.

სპორტული დარბაზების შემთხვევაში ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, პირსახოცები კი ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს. ამას გარდა, მთავრობა ჯგუფურ ვარჯიშებზე ლიმიტს აწესებს – ჯგუფში არაუმეტეს 10 ადამიანი უნდა იყოს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შემოღებული რეგულაციები პრევენციული მიზნის არის და თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ვირუსისგან.

„დღეიდან ნებადართული გახდა სპორტული დარბაზების, ასევე ღია და დახურული აუზების ფუნქციონირება. ისინი საქმიანობას აღადგენენ იმ წუთშივე, მაშინვე, როდესაც განხორციელდება ინსპექტირება შრომის ინსპექციის მხრიდან და მიიღებენ დადებით დასკვნას. ვინც დადებით დასკვნას ვერ მიიღებს, მათ ბუნებრივია, მიეცემათ გონივრული ვადა დარღვევების აღმოფხვრისთვის და თავიდან შეუძლიათ, მოითხოვონ ინსპექტირება, რათა თავიდან გადამოწმდნენ. რაც შეეხება მოთხოვნებს, სპორტდარბაზებისთვის, ვენტილაციას ენიჭება დიდი მნიშვნელობა. უნდა ხდებდეს პერიოდული განიავება, სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება და 10 ადამიანამდე იზღუდება ჯგუფური ვარჯიშების განხორციელება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება აუზებს, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

„აუზებზე მოთხოვნილია ბაქტერიოლოგიური კვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, გარკვეული წილი, ხოლო 10 დღეში ერთხელ უნდა ხდებოდეს სრული ლაბორატორიული კვლევა, რომლის მიხედვითაც მოხდება მაქსიმალური პრევენცია და ჩვენ დავიცავთ მოქალაქეებს, თითოეულ მომხმარებელს, რომლითაც ვირუსის გავრცელებას შევუშლით ხელს“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, უწყებამ გაითვალისწინა აუზების წარმომადგენლების წუხილი და წყლის 10 პროცენტით განახლება ყოველდღიურად სავალდებულო არ იქნება. სანაცვლოდ კი კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს.

„ეს იყო გამოწვევა, რომელსაც აფიქსირებდნენ აუზების წარმომადგენლები. ჩვენ გავითვალისწინეთ და ხუთი პროცენტი იქნება 24 საათში მოთხოვნა, როდესაც მოხდება წყლის განახლება, ამიტომ ეს მოთხოვნა მათი მხრიდან არის გათვალისწინებული და კომპრომისული ვარიანტი არის შეთავაზებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ღია და დახურული აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.