შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფიტნესდარბაზები და აუზები სავარაუდოდ  უახლოეს პერიოდში,​ ​ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაიხსნება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფიტნესდარბაზები და აუზები სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში,​ ​ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაიხსნება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამჯერად ფიტნესდარბაზებისა და აუზების გახსნაა დაგეგმილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ისინი მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული იქნება დარგის სპეციფიკაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიდის მუშაობა, რა შეიძლება იყოს ის საუკეთესო გამოსავალი ნაკლები ხარჯისა და პრევენციის უზრუნველყოფისთვის.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, იქნება ეს აუზები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნესი თუ ა.შ. მათთან ერთად ვიმუშავებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული იქნება დარგის სპეციფიკაზე. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის ნიუანსი და გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, როგორც იცით, არ არის ნებადართული საქმიანობა, რადგან სპეციფიკის გათვალისწინებით მომატებულია საფრთხე. მაგალითად, სავარჯიშო დარბაზებზე რომ ვისაუბროთ, ვინაიდან ნიღბის გამოყენება ფაქტობრივად არის შეუძლებელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა საჭიროებს განსაკუთრებულ გამართულ მუშაობას. ამ ეტაპზე მათთან გვაქვს კიდევ მოლაპარაკება, რა შეიძლება იყოს ის საუკეთესო გამოსავალი, რომ ერთი მხრივ, ხარჯი რაციონალური იყოს, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალური პრევენცია გავითვალისწინოთ, როცა რეკომენდაციებზე ვმუშაობთ. გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში მიღებული იქნება საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ალბათ უახლოეს პერიოდში, თუ სიტუაცია მოგვცემს ამის შესაძლებლობას, იქნება ნებადართული. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გრძელდება და ვნახოთ, გადაწყვეტილებები რა იქნება მიღებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.