სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატმა კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
იდოიძე დუმილის უფლებას ინარჩუნებს და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. სუს-ის ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.
ზურაბ იდოიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.