სოზარ სუბარი - ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტში“ შედის აგენტების გამჭვირვალობის კანონი და მიზანი არის დემოკრატიის დაცვა, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით
სოზარ სუბარი - ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტში“ შედის აგენტების გამჭვირვალობის კანონი და მიზანი არის დემოკრატიის დაცვა, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით

ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელშიც შედის აგენტების გამჭვირვალობის კანონი და მიზნებიც ერთი-ერთში ემთხვევა იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვქონდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი განმარტავს, რომ ეს მიზნები დღემდე დგას საქართველოს წინაშე, თუმცა „ხალხის ძალა“ ამ კანონის ინიციატორი აღარ იქნება.

ამასთან, სუბარის თქმით, ის, რაც კარგია დემოკრატიისთვის ევროპაში, ამერიკაში, ის, რასაც ეწოდება დემოკრატიის დაცვის პაკეტი შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში, შეუძლებელია, იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული საქართველოში.

„ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელშიც შედის ზუსტად ეს კანონი, რომელსაც სახელიც კი ქართული აქვს. ეს არის აგენტების გამჭვირვალობის კანონი და მიზნებიც ერთი ერთში ემთხვევა იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვქონდა. უცხოური გავლენის შესახებ უნდა გვქონდეს ინფორმაცია – მიაჩნია ევროკავშირს, როდესაც გარედან, არაევროკავშირის ფულით დაფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია ან რაიმე ძალა ევროკავშირის ტერიტორიაზე. მიზანი არის სწორედ დემოკრატიის დაცვა, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. სხვათა შორის, დღეს ჩემმა კოლეგამ, დიმიტრი ხუნდაძემ წაიკითხა ნაწყვეტი ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებიდან, სადაც ისინი ასაბუთებენ, რატომ იყო საჭირო ამ კანონის მიღება. თავდაპირველად ცოტა შოკიც კი გამოიწვია ჩვენს კოლეგებში ამ განცხადებამ, ეს იყო ციტატა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებიდან და ზუსტად ერთი ერთში ჯდება იმ მიზნებში, რასაც ჩვენ ვამბობდით. ეს მიზნები დღემდე დგას საქართველოს წინაშე, თუმცა მინდა, დავამშვიდო ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გამოხტნენ და მართლა დიმიტრი ხუნდაძის ნათქვამიდან აზრი რომ ვერ გამოიტანეს, ამტკიცებდნენ, რომ ამის ხელმეორედ მიღებას ვაპირებთ. რადგან ერთხელ ვთქვით, რომ აღარ მივუბრუნდებით ამ კანონს, ამ კანონის ინიციატორები ჩვენ, „ხალხის ძალა“ აღარ ვიქნებით, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის აუცილებელი საქართველოსთვის.

ის, რაც კარგია დემოკრატიისთვის ევროპაში, ამერიკაში და ის, რასაც ეწოდება დემოკრატიის დაცვის პაკეტი შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში, შეუძლებელია, იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული საქართველოში. ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ჰქონდა ერთი მიზანი, არავის უნდა თავისი აგენტურა დააყენოს დარტყმის ქვეშ და გაშიფროს თავისი აგენტურა. სწორედ აგენტურაა, როდესაც ადამიანები უწყინარი გრანტების სახით ასწავლიან ახალგაზრდებს, როგორ წაუკიდონ ცეცხლი პოლიციელებს, ბულდოზერებით როგორ შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, როგორ გაწიონ დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორ ისწავლონ ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლა, გამოიყენონ ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის და ა.შ. ამის კონტროლი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და ეს დღე აუცილებლად დადგება საქართველოში, ოღონდ ვიმეორებ, ინიციატორები „ხალხის ძალა“ არ ვიქნებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. საკანონმდებლო ინიციატივა ბრიუსელში ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა შუიცამ წარადგინეს.