ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ექვსი წლის წინ დაწყებულ დავას შეწყვეტს
ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ექვსი წლის წინ დაწყებულ დავას შეწყვეტს

ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ექვსი წლის წინ დაწყებულ დავას შეწყვეტს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი განმარტავს, პოლონეთის ხელისუფლებამ შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა მართლმსაჯულების თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქვეყანაში აღარ არსებობს კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევის რისკი.

„დღეს პოლონეთისთვის ახალი ეტაპი იწყება. ექვსზე მეტი წლის შემდეგ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მე-7 მუხლის პროცედურა შეიძლება დაიხუროს. ვულოცავ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და მის მთავრობას ამ მნიშვნელოვან მიღწევას. ეს არის პოლონეთის გულმოდგინე მუშაობისა და რეფორმების გასატარებლად მტკიცე ძალისხმევის შედეგი“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის წინადადებას პოლონეთთან საჯარიმო პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროპულ საქმეთა მინისტრები 21 მაისს ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ევროკომისია საბოლოოდ შეწყვეტს პოლონეთის წინააღმდეგ პროცედურას. ამ პროცედურის შეწყვეტის შემდეგ უნგრეთი დარჩება ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელთანაც მე-7 მუხლთან დაკავშირებით ევროკავშირი პროცესს აწარმოებს.