სოსო გალუმაშვილი - იობის ქადაგების დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული
პიარკონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობის ქადაგების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგო იყო.
მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ქადაგებას გალუმაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დემარში.
„ეს იობი ჩვეულებრივი ფაშისტი და ქსენოფობია! ეს არსება მიტროპოლიტი როგორ გახდა?! ამან სათნოებაზე და სიყვარულზე, ქრისტეს ღირებულებებზე, შემწყნარებლობაზე როგორ უნდა იქადაგოს, როცა მტრობასა და შუღლს აღვივებს?
მისი ქადაგების დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდების ბევრი სამწუხარო და საზარელი ფრაზა მოვისმინეთ. მათ შორის, მოქალაქეების სეგრეგაციის ეთნიკური ნიშნით.
ჩემი მოკრძალებული აზრით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს დემარში დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – წერს გალუმაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა გუშინ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა.