დავით გარეჯთან დაკავშირებით ნინო კალანდაძის განცხადებაზე, მიქაელ ბოტკოველი სასამართლოში გამოიკითხა
დავით გარეჯთან დაკავშირებით ნინო კალანდაძის განცხადებაზე, მიქაელ ბოტკოველი სასამართლოში გამოიკითხა

როგორც კი დავით გარეჯის ირგვლივ გაჩნდა პრობლემები, ჩიჩხიტურში ასვლაზე პრობლემა შეექმნათ არა მხოლოდ მომლოცვლებს, არამედ სასულიერო პირებსაც, ამის შემდეგ საპატრიარქოში დადგა საკითხი ძალიან აქტიურად, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა მიქაელ ბოტკოველმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მამა მიქაელ ბოტკოველი დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს კითხვა დაუსვევს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ნინო კალანდაძის 2011 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც კალანდაძე ამბობს: „გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ის საბჭოთა დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში და არის სწორედ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ამ წუთას პრობლემის წყარო გახდა. თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი, აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში სადაო ტერიტორიები გაირკვევა, თუმცა ეს ნაწილი, სადაო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, თავის დროზე დავით გარეჯის საკითხზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

„თავის დროზე კონსულტაციები იყო დავით გარეჯში მყოფ სასულიერო პირებთან. ჩვენ მათ ვთხოვდით, სიმშვიდე დაეცვათ და პარალელურად ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ ჩარეულიყო ამ საკითხში, რადგანაც ამ მხარის ასე მიტოვება და დავით გარეჯთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ქართველი ერისთვის, ეკლესიის ადმინისტრაციისა და ჩვენი მომლოცველებისთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვესმოდა, რომ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. მახსოვს, მაშინდელ პრეზიდენტსაც (მიხეილ სააკაშვილს) აქვს ამ საკითხზე განცხადება გაკეთებული. როცა ის აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა, ძალიან ორაზროვანი განცხადება გააკეთა. ის ამბობდა, თითქოს ამ თხემის გარკვეული ნაწილი, სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, ზევიდან უყურებს ყარაბაღის მხარეს და ამიტომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანული მხარის ინტერესში იყო, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ეს ქედი, რომელიც მთაზეა, ზუსტად ამ საზღვარზეა ის სადაო ძეგლები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო, თუ ამ ნაწილს ვაძლევდით აზერბაიჯანულ მხარეს, მიწის ეს ნაწილი როგორ ამოიჭრებოდა? ის ხომ არ გაქრებოდა. განცხადება, რომელიც მაშინ ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე გაკეთდა, კრიტიკის საფუძველი გახდა“, – განაცხადა ბოტკოველმა.