სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში, პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს
სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში, პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს

სომხური მედიის ცნობით, ერევანში, პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. ინფორმაციას „ნიუს.ამი“ ავრცელებს.

დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის მიერ ხელმოწერილ განცხადებაზე სომხეთის მთავრობის მეთაურის, ნიკოლ ფაშინიანის ხელმოწერის უკან გაწვევას ითხოვენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.