სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყება, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდება. ლიტურგიის შემდეგ დასრულდება ერთკვირიანი მარხვაც.
თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში შობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, 5 იანვარს აღევლინა ჭრაგალუიცის წმინდა წირვა.
საშობაო წმინდა წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში დღეს, 10:30 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ჩაატარებს.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.
7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება, რა დროსაც ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან და საფლავებზე გადიან.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.