მეუფე შიო - ყოველ ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება, ეს თვისება ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში, ვნებების დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლით
მეუფე შიო - ყოველ ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება, ეს თვისება ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში, ვნებების დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლით

ჩვენ შეგვიძლია, ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, მათგან თავი შევიკავოთ, მაგრამ ცოდვის, როგორც ჩვენი სულის თვისების, დამარცხება ადამიანს არ შეუძლია თავისი ძალით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ვნებების დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლით, ამისთვის საჭიროა, რომ უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ.

„დღეს ყველა ტაძარში გალობენ შემდეგ საგალობელს: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. ეს ნიშნავს, რომ ვინც მოვინათლეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ამ საგალობელს ყოველთვის გალობენ მაშინ, როდესაც ადამიანი ინათლება, როგორც ეკლესიის ერთგვარი მოწოდება მისდამი. შეიძლება ითქვას, ამ სიტყვებში გადმოცემულია მთელი მთავარი აზრი იმისა, თუ რა არის ნათლობის საიდუმლო და რისთვის ინათლება ადამიანი. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“? რისთვის არის ეს საჭირო? როგორ ხდება ეს? ეს არის საჭირო ჩვენი სულის გადარჩენისთვის. სულის გადარჩენა რაში მდგომარეობს? – მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს უფალი იესო ქრისტე და ცოდვა დაამარცხოს ჩვენს გულში, რადგან ადამიანს ღვთის შეწევნის გარეშე ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია, ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, თავი შევიკავოთ მათგან, მაგრამ ცოდვის, როგორც ჩვენი სულის თვისების, დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა ადამიანს არ შეუძლია თავისი ძალით, რადგან თავდაპირველად ადამმა როდესაც შესცოდა და განშორდა ღმერთს, მისი ბუნება დაზიანდა. ეს დაზიანება გადაეცა შემდგომ მთელ კაცობრიობას და მას მერე ყოველი ადამიანი იბადება ამ დაზიანებული ბუნებით. ეს სენი იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის თვითონ განკურნება. მაგალითად, შეუძლებელია, ამპარტავანი ადამიანი თავისი მეცადინეობითა და შრომით გახდეს თავმდაბალი; ან კაცთმოძულე და შურიანი ადამიანი გახდეს მოსიყვარულე; ან მრისხანე გადაიქცეს მშვიდად, მატყუარა ადამიანმა შეიძულოს ტყუილი და შეიყვაროს სიმართლე შინაგანად, თავისი გულით; ხარბი და ვერცხლისმოყვარე გახდეს ხელგაშლილი, მოწყალე, ლმობიერი და ა.შ.

ამ და სხვა ვნებების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლით. ამისთვის საჭიროა, რომ უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ. ამიტომ ვგალობთ ამ საგალობელს, რომ ქრისტე თავისი მადლით შემოვიდეს ჩვენს გულში და წარხოცოს ჩვენი ცოდვები. ამისთვისაც საჭიროა ერთი თვისება, რომლის გარეშეც ღვთის მადლი ჩვენს გულში არ შემოვა. როგორც მოგახსენეთ, ყოველ ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, რათა შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს იქ. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ სიმდაბლეც უნდა შევიმოსოთ. ერთი წმინდა მამა ამბობს კიდეც და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გაუმეორებია ეს სიტყვები, რომ „სიმდაბლე ღმერთის შესამოსელია“. აი, ამ სიმდაბლეს თუ შევიმოსავთ, მაშინ მადლიც მოვა, ჩვენ მოვიზიდავთ სულიწმიდის მადლს, რომელიც, როგორც ჩვენი სამყაროს დიდი შემოქმედი ძალა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მოვა ჩვენს გულში, წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და მოახდენს ჩვენს ფერისცვალებას, ჩვენ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს აზროვნებას და სრულებით ახალი ადამიანები გავხდებით.

სწორედ ამ ფერისცვალებისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სულის მდგომარეობა. ეს არის მთავარი უფლისთვის, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური წარმატებები, მიღწევები თუ კეთილდღეობა. სწორედ ამისთვის ივნო მან ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის, სწორედ ამისთვის დააარსა მან თავისი ეკლესია. ამიტომ წმინდა ეკლესიაც, ჩვენი სარწმუნოებაც, ქრისტიანობა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა. როგორც სახარებაშია ნათქვამი: ,,ვინც თავისთვის კი არ მდიდრდება, არამედ ღმერთისთვის მდიდრდება“.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღების დღესასწაულს. ჩვენთვის გახსნილია გზა სულის ცხონებისკენ და წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში. დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს, ქრისტე შევიმოსოთ; როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ამიერითგან აღარ ვიყოთ უცხო ღვთისთვის, არამედ სახლეულ ღვთისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.