სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყება, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდება. ლიტურგიის შემდეგ დასრულდება ერთკვირიანი მარხვაც.

თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში შობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, 5 იანვარს აღევლინა ჭრაგალუიცის წმინდა წირვა.

საშობაო წმინდა წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში დღეს, 10:30 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ჩაატარებს.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება, რა დროსაც ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან და საფლავებზე გადიან.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.