სოლიდარობის ხუთი წელი - ქველმოქმედების მიზნით ამჯერად ახალგაზრდა ფოტოგრაფები ერთიანდებიან
„სოლიდარობის ფონდი“ 9 ივნისს დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით „ღვინის ქარხანა N1-ში“ დაგეგმილია საქველმოქმედო ფოტოგამოფენა.
ქარხნის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ ექსკლუზიურად „სოლიდარობის ფონდისთვის“ გადაღებული ფოტოები, როგორც მსახიობი ბავშვების, ასევე ბენეფიციარების მონაწილეობით.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფოტო-პროექტის მიზანი ფონდის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მწვავე პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა.
პროექტში მონაწილეობენ დავით ჭალიძე, ზურა ქართველიშვილი, ალექს აფციაური და ბექა ჯავახიშვილი. დავით ჭალიძემ ფონდის ბენეფიციართა პორტრეტები გადაიღო. ალექს აფციაურმა იმუშავა ფონდის პატარა მეგობრებთან, რომლებიც პროექტში თანატოლების დასახმარებლად ჩაერთნენ. ზურა ქართველიშვილმა კი, ფოტოსესია ფონდის პატარა მეგობრებსა და ბენეფიციართან ერთად დაგეგმა. თითოეულმა მათგანმა პროექტისთვის კონკრეტული თემა შეარჩია. სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები გადასცა საჩუქრად ფონდს ბექა ჯავახიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდება სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი, მათ შორის დეკორატიული მცენარეები. ამასთან, ყველა კაფე-რესტორანი, რომელიც „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, 9 ივნისს გაერთიანდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად, სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრებს შესთავაზებს კერძს ან სასმელს, რომლის გაყიდვიდან შესული თანხის ნაწილი გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე.