ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის საინტერესოდ გაშუქებისთვის, ელჩი გიორგი ზურაბაშვილი პირველ არხსა და თინათინ ბერძენიშვილს მადლობას უხდის
ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის საინტერესოდ გაშუქებისთვის, ელჩი გიორგი ზურაბაშვილი პირველ არხსა და თინათინ ბერძენიშვილს მადლობას უხდის

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მადლობის წერილს უგზავნის.

წერილში ელჩი მადლობას უხდის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის.

„ქალბატონო თინათინ, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს სახელით, ღრმა პატივისცემას გიდასტურებთ პირადად თქვენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მთელ კოლექტივს მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის გაშუქებისა და ზოგადად ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ყოფა-ცხოვრების თაობაზე საინტერესო, ემოციური და მრავლისმეტყველი სიუჟეტის მომზადებისთვის.

მოგეხსენებათ, სამშობლოსგან შორს მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ყურადღება. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული აღნიშნული სიუჟეტი სწორედ ამ დამოკიდებულების მაჩვენებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ დიასპორული ორგანიზაციის „ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორა“, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდის მონაწილეობით გამართული ეს ღონისძიება პირველი მასშტაბური საქველმოქმედო აქციაა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხრიდან, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე თანამემამულეების დასახმარებლად ჩატარდა. შესაბამისად, როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე „სოლიდარობის ფონდის“ სახით ბენეფიციარი ორგანიზაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, მნიშვნელოვანი გახლდათ დიასპორის მიერ გაწეული ამ კონტრიბუციის სათანადოდ გაშუქება ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის ქართული დიასპორის თაობაზე ცნობიერების ამაღლების და მეორე მხრივ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ამ აქციის პრეცედენტული ხასიათიდან გამომდინარე შემდგომი მუხტის გაღვივების მიზნით.

ამასთან, უაღრესად საინტერესოა გადამღები ჯგუფის მიერ ჟურნალისტების, გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის მიერ ირლანდიის ეროვნული და კულტურული მახასიათებლების თაობაზე მომზადებული შემეცნებითი ხასიათის ირლანდიური დღიურები, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებისთვის.

კიდევ ერთხელ, მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი ზურაბაშვილის წერილში.