თბილისის მარათონი 25 სექტემბერს გაიმართება - თანხები „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მშენებლობას მოხმარდება #1TVSPORT
თბილისის მარათონი 25 სექტემბერს გაიმართება - თანხები „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მშენებლობას მოხმარდება #1TVSPORT

თბილისის საიუბილეო მე-10 მარათონი 25 სექტემბერს გაიმართება. გარბენი, რომელიც თბილისის ისტორიულ ქუჩებში დაიგეგმა, სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.

თბილისის მარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. თბილისის მარათონი 3 გარბენისგან შედგება:

ნახევარმარათონი (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 40 ლარი;

10 კილომეტრიანი გარბენი – რეგისტრაციის საფასური – 30 ლარი;

ბავშვთა გარბენები (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ) – უფასო

მონაწილეები საქველმოქმედო მიზნებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბენენ. მიზანი იდენტურია – ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ წლევანდელ ბენეფიციარს, „ფერადი ქალაქი – აუტიზმის ეროვნული ცენტრი“-ს 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს.

ამ დრომდე ქვეყანაში არსებული ყველა ცენტრი მხოლოდ 16 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიას ემსახურება. 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არ არსებობს არც ერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ფერადი ქალაქი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აშენებენ, რეგიონალური მასშტაბის პროექტია, სადაც ბენეფიციარები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს განივითარებენ. აუტიზმის ეროვნული ცენტრი მათი იმედი და მომავლის შანსია.

თბილისის მარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის, საპატრულო პოლიციის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის საელჩოს პატრონაჟით და საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორი.

საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელს 3000-მდე გაიზრდება მონაწილეთა რიცხვიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.

2015 წლიდან თბილისის მარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის Official Timekeeping and Data Processing სისტემით მოხდება.