„თბილისი მარათონი“ 10 წლისაა - შემოსული თანხა კვლავ ქველმოქმედებას მოხმარდება #1TVSPORT
„თბილისი მარათონი“ 10 წლისაა - შემოსული თანხა კვლავ ქველმოქმედებას მოხმარდება #1TVSPORT

საქართველოს დედაქალაქმა „თბილისი მარათონს“ უმასპინძლა, რომელსაც ათწლიანი ისტორია აქვს. შეჯირება სამ კატეგორიაში გაიმართა: 10-კილომეტრიან დისტანციაზე, ნახევარმარათონში და ბავშვებში (მასტერკლასი).

„ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ პირველად ორგანიზებული ნახევარმარათონი, რომლის ტრადიციული პარტნიორი თბილისის მერიაა, ყოველწლიურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა, სადაც ათასობით ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ქველმოქმედება აერთიანებს.

ამ დროის განმავლობაში „თბილისი მარათონს“ შემოუერთდა 15 000-ზე მეტი მონაწილე 157 ქვეყნიდან და მობილიზდა 500 000 ლარზე მეტი ბენეფიციარების დასახმარებლად. ამ თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოციალურ, სასწავლო და საცხოვრებელ სივრცეებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვებისთვის. ამჯერად, მონაწილეების რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი კოტეჯის მშენებლობას.

მონაწილეებმა სტარტი თბილისის ცენტრში, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ აიღეს და ფინიშიც რუსთაველის გამზირზე გადაკვეთეს. ათკილომეტრიანი დისტანციაში ირანის მოქალაქე მოჰამედ ჰისეინიმ გაიმარჯვა, ხოლო ნახევრადმარათონში პირველობა დავით ხარაზიშვილმა იზეიმა.

დაჯილდოების ცერემონიალზე „ჰაიდელბერგცემენტმა“ ნახევარმარათონის გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. პირველ ადგილზე გასულმა 2500 ლარი მიიღო, მეორე ადგილოსანმა – 2000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა – 1500 ლარი. „თბილისის მარათონის“ სპოსნორებისა და პარტნიორებისგან პრიზები ასე გადაეცა 21 კმ-ს, 10 კმ-სა და მასტერკლასის გამარჯვებულს.