სოფო ქაცარავა - მთავარი ის არის, რომ ნატო-ში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია
სოფო ქაცარავა - მთავარი ის არის, რომ ნატო-ში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია

მთავარი ის არის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია, ნატო-ს მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერა სრულიად სხვა ხარისხშია გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

„ალბათ მომავალშიც მოვისმენთ მსგავს განცხადებებს კარასინის მხრიდან, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ნატო-ში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია. რაც მთავარია, ნატო-ს მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერა, შეფასება და წახალისება სრულიად სხვა ხარისხშია გადასული. ამას ადასტურებს გუშინდელი განცხადებები როგორც კონგრესმენების, ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

სოფო ქაცარავას თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

„ხელისუფლებაც და ჩვენი პარტნიორებიც ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ​პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ვმუშაობთ, რათა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რათა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.