დავით ზალკალიანი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო
დავით ზალკალიანი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რათა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„საქართველოს აქვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, სადაც წერია ნატო-ს მოკავშირეებს შორის კონსენსუსის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს გადაწყვეტილება შემდგომი სამიტების დროს არაერთხელ გამეორდა.

ნატო-მ დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. რაც რჩება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს. არ ვართ იმედგაცრუებული და ენთუზიაზმი არ დაგვიკარგავს იმით, რომ ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. პარალელურად, ჩვენ ვავითარებთ მტკიცე ორმხრივ თანამშრომლობას მოკავშირეებთან და ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან. საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. საქართველო ავითარებს თავდაცვასა და უსაფრთხოებას, რომ უკეთ ვიყოთ დაცულები. ორმხრივი თანამშრომლობა ვითარდება საფრანგეთთან, გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან. იმედი მაქვს, ამ ქმედებებით ჩვენ გარკვეულწილად ვაჩქარებთ ამ პროცესს და ვაახლოებთ დროს, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.