სოფო მოსია - როცა მოზარდს მშობელთან კომუნიკაცია არ აქვს, მიმართავს იმას, ვინც პრობლემის მოგვარებას ფსიქოტროპული პრეპარატებით ურჩევს
მოზარდებს იმდენი კრიზისული სიტუაციის გავლა უწევთ, რომ მათთვის ფსიქოტროპული ნივთიერებებით შვების ნახვა ძალიან მარტივი გზაა, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ხემძღვანელმა, ფსიქოლოგმა სოფო მოსიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რატომ იწყებენ არასრულწლოვნები ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებას, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ეს მათთვის მდგომარეობის შემსუბუქებაა, ანუ მსიამოვნებს, ვხდები უფრო კომუნიკაბელური, აქტიური, კონტაქტური, რაღაცები უფრო მარტივად გამომდის და ა.შ”, – განაცხადა მოსიამ.
მისი თქმით, როდესაც მოზარდი ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებას იწყებს, ნიშნავს, რომ მას პრობლემა აქვს, რომლის მოსაგვარებლადაც საჭიროა თანადგომა, დახმარება, გაგება, გვერდით დგომა, საუბარი და ა.შ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შვილს ფსიქოლოგის დახმარება და გვერდით დგომა სჭირდება, სოფო მოსიამ აღნიშნა, რომ ამის მიმანიშნებელი მოზარდის ქცევის მთლიანად შეცვლა უნდა გახდეს. კერძოდ, როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, იცვლება მისი დღის, ძილის, კვების რეჟიმი, სამეგობრო წრე, ინტერესები და თუ მშობელსა და მოზარდს შორის ნორმალური, რაციონალური, კონსტრუქციული ურთიერთობაა, არ შეიძლება, მშობელმა ეს ყველაფერი არ შეამჩნიოს.
„ხშირშემთხვევაში, მშობლისა და შვილის ნორმალური ურთიერთობების ძალიან სერიოზული დეფიციტი გვაქვს, რის გამოც დაკარგული იდენტურობის კრიზისის პრობლემამდე მივდივართ, როცა დაკარგული ბავშვი გამოსავალს, გზას ვეღარ პოულობს, არ იცის, როგორ მოუაროს თავის პრობლემებს. შესაბამისად, ვის მიმართავს, მშობელთან არ აქვს ეფექტური კომუნიკაცია, ამიტომ მიმართავს იმ წრეს, რომელიც ჩასძახებს, რომ ვთქვათ, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება უშველის“, – განაცხადა მოსიამ.
ფსიქოტროპული პრეპარატების ზრდასრულ ასაკში მიღება კი, ფსიქოლოგის განმარტებით, ძირითადად, შეგნებულად ხდება.
„ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებით სხვადასხვა სახის დისკომფორტის, შფოთვის, შიშის, უძილობის პრობლემის მოხსნა ხდება და ნელ–ნელა დამოკიდებულება ვითარდება. როგორც წესი, ასეთი ადამიანი ხშირად ნარკოტიკული საშუალების მიღებაზე გადადის, რადგან არის რაღაც მომენტი, როცა რაღაც უფრო ძლიერი უნდა“, – განაცხადა სოფო მოსიამ.