საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის მიზნით, – ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მაისის დასაწყისში თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.