ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მესამე –  საბოლოო მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ რაიმე შენიშვნები ან რედაქციული ცვლილებები პროექტში არ შესულა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებებით და ასახავს გაერო-ს კონვენციებში შეტანილ ცვლილებებს. კერძოდ, 2020 წელს გაერო-ს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაერო-ს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების, ასევე „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის“ 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.

კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზეც, მათ შორის: მოქალაქე ნიკოლოზ ფიფიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით; პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით; მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და სხვა.

კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საკითხს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, მათ შორის, პარლამენტის/პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მოხდა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვით პარლამენტის ვებგვერდზე პერიოდულად მოხდება ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშების გასაჯაროება.