სოფო კილაძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პროექტის დაჩქარებული განხილვა კარგი არ იქნება
სოფო კილაძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პროექტის დაჩქარებული განხილვა კარგი არ იქნება

ამ პროექტთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნებია იმის დასადგენად, რამდენად კონსტიტუციურია ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ცხრა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

როგორც კილაძე ამბობს, ამ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა კარგი არ იქნება.

„ინიციატორები მოითხოვენ, რომ ამ პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს. ეს ბიუროს გადასაწყვეტია და ბიუროს წევრების უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მიზანშეწონილი პროექტის დაჩქარებული წესით მიღება. მგონია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც კარგად განსჯა და არგუმენტების მოსმენა სჭირდება. კანონპროექტი ასევე კონსტიტუციურობის ჭრილში კარგად გაშუქებას ითხოვს. ამ პროექტთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვის ნიშნებია იმის დასადგენად, ეს კანონპროექტი რამდენად კონსტიტუციურია.

ამ საკითხის ერთ კვირაში დაჩქარებულად გავლა რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზული კითხვის ნიშნები მის კონსტიტუციურობაზე არსებობს. ერთი მუხლი კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, სერიოზულ შეკითხვებს შეიცავს.

პირადად მე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის გავლა დაჩქარებულ ვადებში კარგი იყოს“, – განაცხადა კილაძემ.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.