სოფო კილაძე - ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ
სოფო კილაძე - ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ

მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს განაცხადეს, რომ „ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს“.

„ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება და ჯერ კიდევ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნა ჯერ დადებული არ არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ საკითხს ნათელი მოეფინებამ რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ გამოძიების მიერ დადგენილი არავითარი ისეთი კონკრეტული მტკიცებულება არ გვაქვს, რომ ასეთი რამ დადასტურდეს. ამიტომ იმ უწყებების მუშაობას უნდა დაველოდოთ, რომელთა საქმეც არის“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.