ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გიორგი ონიანის დაკავების საქმეში პოლიტიკურ ანგარიშწორებას გამორიცხავს. მისი შეფასებით, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.
,,ზოგადად, ამ ადამიანთან დაკავშირებით დიდი ხანია, კითხვის ნიშნები მაქვს. იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც ვიხილეთ, რასაც ის “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს აკეთებდა, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი მისი დაკავება. რადგან ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. მგონია, ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა უკვე ის მომენტი, როდესაც უნდა აგოს პასუხი. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის უკან არანაირი პოლიტიკური სარჩულო არ დგას”,- აღნიშნა კილაძემ.
ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა.