ონიანი კირკიტაძის ნაცვლად - „გაგრა“ ახალგაზრდა მწვრთნელმა ჩაიბარა #1TVSPORT
ონიანი კირკიტაძის ნაცვლად - „გაგრა“ ახალგაზრდა მწვრთნელმა ჩაიბარა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი იქნება, მან გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე გამართა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

39 წლის სპეციალისტმა ასევე ახალგაზრდა გაგა კირკიტაძე შეცვალა. ის სამწვრთნელო სფეროში 2019 წლიდანაა. მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში, ბათუმის „დინამო 2“-ში, ლანჩხუთის „გურიაში“, ბოლოს კი – საგარეჯოს „გარეჯში“.

საგარეჯოს „გარეჯი“ პირველი წრის შემდეგ 42 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან ფოთის „კოლხეთი 1913“-ს რვა ქულით ასწრებს. ამის მიუხედავად, პირველი წრის შემდეგ მოულოდნელად ონიანმა გუნდი დატოვა, მის ნაცვლად კი გუნდი „გაგრის“ ყოფილმა მწვრთნელმა, დენის ხომუტოვმა ჩაიბარა.

საინტერესოა, რომ საფეხბურთო კარიერა ონიანმა „ლოკომოტივში“ დაიწყო, სადაც გოდერძი ჩიხრაძესთან მუშაობდა, რომელიც ამჟამად „გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტია. მას შემდეგ ბევრ ქართულ კლუბში ითამაშა – ბათუმის „დინამოში“, რუსთავის „ოლიმპში“, ბოლნისის „სიონში“, იენის „კარლ ცაისში“, ნალჩიკის „სპარტაკში“, „ზესტაფონში“, გორის „დილაში“. ასევე იწვევდნენ ეროვნულ ნაკრებშიც.

ცენტრალურმა მცველმა კარიერა 29 წლის ასაკში, 2013 წლის ივლისში, ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშისას მიღებული მძიმე ტრავმის გამო დაასრულა. მან დაზიანება 2013 წლის 10 აპრილს „ტორპედო“ –„სიონის“ სათასო მატჩში მიიღო, რომელიც სპორტულ ცენტრ „ბასაში“ გაიმართა. ონიანი დამცავი მესერის ბოძს შეასკდა და იძულებული გახდა, ფეხბურთიდან ნაადრევად წასულიყო.

გიორგი ონიანის დებიუტი „გაგრაში“ ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპზე შედგება. მისი ახალი გუნდი შაბათს, 5 აგვისტოს ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.