სოფო კილაძე - 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული
2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ევროპული სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კილაძის თქმით, ის, რომ საქმეების გარკვეული რაოდენობა მიდის სტრასბურგის სასამართლოში, არ ნიშნავს, რომ ის ყველა საქმეს წარმოებაში მიიღებს.
„აქ მთავარია, სახელმწიფომ რამდენ საქმესთან მიმართებით მიიღო შემოპასუხება. ის, რომ გარკვეული რაოდენობა მიდის სტრასბურგის სასამართლოში, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საქმეს წარმოებაში მიიღებს სტრასბურგის სასამართლო. რამდენ საქმესთან მიმართებით ჩათვალა სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს შემოპასუხება, საჭიროდ და ეს რიცხვი პირიქით, არის ძალიან მცირე. ევროსაბჭოს სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი მოწინავეა იმიტომ, რომ დაახლოებით 22 საქმეზე იყო საუბარი 2017 წელს. საქართველოში ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები. სტრასბურგის სასამართლოც იმიტომ არსებობს, რომ ადამიანებმა მიმართონ თუ ჩათვლიან რომ მათი უფლებები დაირღვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ ერთ-ერთი მოწინავეები ვართ ევროპაში და ამაზე სტატისტიკაც ამბობს“, – განაცხადა კილაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მთავრობას 2017 წელს შეპასუხება მხოლოდ 25 საქმეზე ეთხოვა.