ირაკლი ღარიბაშვილი - მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის

დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.