სოფო ხორგუანი - რა შეიძლება, იყოს იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა
სოფო ხორგუანი - რა შეიძლება, იყოს იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა

რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა და კრიზისების მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცინიზმია ის, რომ შემოქმედები, ჭანჭიკები, იდეოლოგები და შემსრულებლები იმ სისტემისა, რომელიც არ მოგვწონდა და ათი წლის განმავლობაში ვებრძოდით, იმ კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ, რომელმაც თითქოს, დიაგნოზი უნდა დასვას, ხორავას საქმის ასეთი ფორმით დასრულება რამ გამოიწვია და რეალურად, სისტემაში არსებული პრობლემები უნდა შეაფასოს“, – განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, ხარვეზი აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ მისთვის მიუღებელია, პასუხისმგებლობა მხოლოდ იუსტიციის მინისტრს დაეკისროს. 

„სწორი პოზიცია იქნებოდა, ეს იმ ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. მომწონს მე თუ არ მომწონს, ამ ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. დიახ, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს თეა წულუკიანს, ირაკლი კობახიძეს, გიორგი კვირიკაშვილს და სხვებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და მათ საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაციაც აქვთ. ამიტომ გაცილებით სწორი და შედეგიანი იქნება საუბარი რეფორმაზე, სად, როდის დავუშვით ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა და სად გაგვეპარა ის, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე გვყავს“, – განაცხადა ხორგუანმა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმის ტვირთვის თეა წულუკიანზე გადატანა არასწორი იყო და დღესაც არასწორია.

„ირაკლი შოთაძეს რომ პროკურატურის ახალი სისტემის ჩამოყალიბება ავკიდეთ, ესეც არასწორია და პრობლემას აქ ვხედავ. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას უნდა ავკიდოთ. ხუთი თვის შემდეგ არჩევნები იქნება და თუ ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება არ გამოფხიზლდება, ადეკვატურ ზომებს არ მიიღებს და საზოგადოებასთან უკეთეს კომუნიკაციას ვერ მოახერხებს, მას აღარ აირჩევენ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.