სოფიო ხორგუანი - ვიღაცამ ვიღაცას თავზე ნაგავი რომ დააყარა, ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ შეიძლება, ამისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს და მზად უნდა იყოს
სოფიო ხორგუანი - ვიღაცამ ვიღაცას თავზე ნაგავი რომ დააყარა, ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ შეიძლება, ამისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს და მზად უნდა იყოს

ვიღაცამ ვიღაცას თავზე ნაგავი რომ დააყარა, ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ შეიძლება, მას ამისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს და ის ამისთვის მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ კრიზის-მენეჯერმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე შეიძლება, ფასადზე რაღაც დავწერო. ეს არის ჩემი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ამისთვის პასუხი უნდა ვაგო. ვიღაცამ შეიძლება, შიშველი გაიარა და ამით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, მაგრამ პროტესტი ასე გამოხატა და ა.შ.“, – განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა ფასადურობა, ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვა და ა.შ.

„ძალიან ბევრი ფსევდოა – ფსევდო ელიტა, ფსევდო პოლიტიკოსები, ფსევდო ლიბერალები, ფსევდო უფლებადამცველები და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი ფსევდო და ზერელე რამ გვაქვს“, – განაცხადა ხორგუანმა.

კრიზის-მენეჯერმა ასევე აღნიშნა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა სხვადასხვა მეთოდებით სადისკუსიო სივრცე დაიკავეს და ველიდან განდევნეს ადამიანები, რომლებსაც დისკუსია სურთ.

„თუ იმ დათქმით წავალთ, რომ შესაძლოა, კეთილშობილი და კარგი ხალხია, მაგრამ უბრალოდ, ცოდნა არ ჰყოფნით და უფრო იოლი გზა მოძებნეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ სიღრმეებში წასვლას გაცილებით მეტი ცოდნა უნდა, წიოკი კი იოლია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის სტრატეგია – შხამიანი გარემო. შორიდან ტალახს რომ დაინახავ, ხომ ერიდები და გვერდს უვლი?! ასეთ შხამიან გარემოში ადამიანებს არ მოუნდებათ საუბარი, გაერიდებიან, რა დროს დისკუსიააო და ადგილი მათ დარჩებათ, ვინც შუა ქალაქში სცენა მოიწყო“, – განაცხადა ხორგუანმა.

ხორგუანმა ასევე განაცხადა, რომ თავისუფლება განვითარების ყველაზე კარგი შესაძლებლობაა.

„მე არ ვემხრობი შეზღუდვას და არ ვემხრობი გამკაცრებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში რაღაცები შევიტანოთ, გავამძაფროთ და ა.შ. თავისუფალ გარემოში აუცილებლად გაჩნდება განვითარების შესაძლებლობა. მგონია, რომ ჯერჯერობით, სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ გვაქვს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

დატოვე კომენტარი