სოფო გორგოძე - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
სოფო გორგოძე - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„მადლობა მინდა, ვუთხრა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ ყველა იმ დამატებით რეგულაციას, რაც წელს ჰქონდათ გასავლელი, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად უზრუნველგვეყო მათი და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა, რაც ეხება დისტანცირებას, თერმოსკრინინგს, ხელების დეზინფექციას და ა.შ ცენტრების 90%-ში ერთ საათში ნაკლებ დროში მოხერხდა რეგისტრაციის დასრულება, რაც ძალიან კარგია. ყველას დიდი მადლობა, რომ ხელი შეგვიწყვეს ყველა ამ პროცედურის გავლაში“,- განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, მისივე თქმით, უშუალოდ წერის პროცესში აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება, პირბადეები მოეხსნათ და ბევრმა მათგანმაეს შანსი გამოიყენა.

„რეგისტრაციის შემდეგ გამოცდის მიმდინარეობას, უშუალოდ წერის პროცესში აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება, რომ პირბადეები მოეხსნათ. ბევრმა მათგანმა გამოიყენა ეს შანსი. რაც შეეხება კონდიცირებას – თუ ტემპერატურა მიაღწევდა 30 გრადუსს, ამ შემთხვევაში იყო დასაშვები კონდიცირების ჩართვა. თბილისში დილიდან არ გამხდარა კონდიცირების ჩართვა საჭირო, რადგან ოთახის შიდა ტემპერატურა იყო 30 გრადუსზე დაბალი, მხოლოდ ზოგიერთი ცენტრის რამდენიმე სექტორში გახდა ეს საჭირო, სადაც უფრო მზე ადგებოდა. სხვა ცენტრებში, მაგალითად, ქალაქ ფოთში დილიდან ჩავრთეთ კონდიცირება, რადგან 30 გრადუსს მიაღწია ტემპერატურამ“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოთხი აბიტურიენტისთვის გამოიყენეს სარეზერვო სივრცე, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები განთავსდნენ.

„ვახორციელებდით თერმოსკრინინგს და გვქონდა სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც მიუხედავად ტემპერატურისა, მაინც დაიშვებოდნენ სივრცეში. ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოთხი აბიტურიენტისთვის გამოვიყენეთ სარეზერვო სივრცე, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები განთავსდნენ. რაც შეეხება გამოცდაზე არდაშვების შემთხვევებს, ასეთი შემთხვევა გვქონდა ორი, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ტემპერატურისა და ექიმების გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ეს აბიტურიენტები არ დაიშვნენ გამოცდაზე და მიეცათ „პისიარ“ ტესტის გაკეთების რეკომენდაცია. გვქონდა ასევე დაგვიანების ორი შემთხვევა, რის გამოც აბიტურიენტები გამოეთიშნენ საგამოცდო პროცესს. ჩვენდა გასაკვირად, ცნობები იყო მხოლოდ ქრონიკული სიცხის თაობაზე. დღეის მდგომარეობით, არც ერთი ცნობა „პისიარ“ ტესტის თაობაზე არ იყო შემოსული“,- განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ისევ ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.