2023 წლის ეროვნული გამოცდები დასრულდა, პირველადი შედეგების გამოცხადება პირველი აგვისტოდან დაიწყება
2023 წლის ეროვნული გამოცდები დასრულდა, პირველადი შედეგების გამოცხადება პირველი აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოდან დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

მათივე ცნობით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო, 28 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი – 75% -ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; გამოცდაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად რაჭაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოცდები ჩაებარებინათ ამბროლაურში, ახლად გახსნილ საგამოცდო ცენტრში“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.