სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3700 სოფლის კრება ჩატარდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3700 სოფლის კრება ჩატარდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო. კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში იმართება.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მაგალითად, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ წეროვანში საბავშვო ბაღის ეზოები მოწესრიგდება და ატრაქციონები დაიდგმება.

დღესვე, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში საერთო კრებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქმნება. სოფლის კრებებზე პირდაპირი კომუნიკაცია შედგება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად მოსახლეობა იქნება ჩართული. შეხვედრებზე სოფლის პროგრამის გარდა, არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზეც ვისაუბრებთ. ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და მოთხოვნებია ადგილზე. ინტენსიურად ვერთვებით მათთან პირდაპირ დიალოგში და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ფორმატს. შეხვედრებს დაესწრებიან სხვა დარგის მინისტრები. ვისაუბრეთ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

კრება 3700 სოფელში ჩატარდება. მოსახლეობა პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი, დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა.