სოფელ ტინისხიდში მცხოვრებ 14 წლის მოზარდს ოჯახის წევრები მესამე დღეა, ეძებენ
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტინისხიდში მცხოვრებ 14 წლის მოზარდს მესამე დღეა, ოჯახი ეძებს. ოჯახმა პოლიციაში მხოლოდ დღეს განაცხადა.
გოგონას მშობლები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გოგონა დედასთან და ძმასთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში იყო. დედა ბანკში შევიდა, გოგონა გარეთ გაჩერდა. ბანკიდან გამოსულ მშობელს კი მოზარდი გარეთ აღარ დახვდა.
„ბანკში იყო წასული დედასთან და ძმასთან ერთად. დედა და ძმა შევიდნენ ბანკში და რომ გამოვიდნენ, აღარ დახვდათ გარეთ. დღეს მივმართეთ პოლიციას. გვეგონა, დაბრუნდებოდა. ყველგან ვეძებდით, მეგობრებთან, მამიდასთან მოვიკითხეთ. სხვა დროს ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც ვიცი, კამერებში ჩანს, გზის მეორე მხარეს გადავიდა წყლის დასალევად. სად უნდა გამქრალიყო ბანკის კიბეებიდან, არ ვიცით.
აქამდე იმიტომ არ მივმართეთ, გვეგონა დაბრუნდებოდა“ – განაცხადა გოგონას ბებიამ, ციური ლურსმანაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გოგონას დაკარგვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.