თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ეპიდემიოლოგები დილიდან მუშაობენ.
ამ დროისთვის ლაბორატორიაში 20-მდე პირის ანალიზია გადაგზავნილი და პასუხები ხვალ დილამდე გახდება ცნობილი.
სოფლის საკარანტინო ზონად გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დაინფიცირებულთა წრე გაიზარდა და ახალი კერა აღმოჩნდა, რომლის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 24 პირი იმყოფება.
ღვანკითში ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ამოქმედებული. ადგილზე სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამასთან, იმერეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას სურსათით მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეექმნება.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.