თამარ გაბუნია - ვმუშაობთ ახალ მოდელზე, როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა
თამარ გაბუნია - ვმუშაობთ ახალ მოდელზე, როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა

ვმუშაობთ ახალ მოდელზე, როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „დადგენილების თანახმად, პირველ იანვრამდე ისევ უფასოდ გატესტავთ მოლების, ბაზრობების, ბიზნესების თანამშრომლებს. გაგრძელდება თუ არა პირველი იანვრის შემდეგაც უფასო ტესტირება“.

გაბუნიას თქმით, როგორც კი მოდელი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, საზოგადოებას ამის შესახებ აცნობებენ.

„ბიზნესგარემოში შეიცვალა თანაფარდობა ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს შორის. ამდენად, შეიცვალა რისკების ხარისხიც. ჩვენ ვმუშაობთ ახალ მოდელზე, როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა. პირველი იანვრიდან დაახლოებით მომდევნო ორი კვირა დაგვჭირდება, რათა ეს მოდელი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, გაგაცნობთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ საკითხის ირგვლივ უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედების შემდეგ, იქნება თუ არა სავალდებულო აუცრელების გატესტვა. თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც კი საკითხები დაზუსტდება, ამაზე მოქალაქეებიც იქნებიან ინფორმირებული.

„ჩვენ მოდელირების საშუალებით ამ რისკებზე ჩამოვყალიბდებით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში და ყველაფერს, როგორ მოხდება ტესტირება, რა ინტენსივობით, რომელ პროფესიულ ჯგუფებში, როგორი უნდა იყოს ვაქცინირებული, არავაქცინირებულის თანაფარდობა, რათა ბიზნეს გარკვეულწილად, პირობითად მიენიჭოს მწვანე სტატუსი, ეს ყველაფერი დაზუსტდება და გაგაცნობთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.