სოფელ აკურაში უცნობმა პირმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან სტალინის ბიუსტი დადგა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალური დაფის სიახლოვეს ჯერჯერობით უცნობმა პირმა სტალინის ბიუსტი დადგა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიუსტი სავარაუდოდ, ადგილობრივი მცხოვრების სახლში ინახებოდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ ბიუსტის დადგმის შესახებ მერიას ნებართვა არ გაუცია.
„ორშაბათს ზედამხედველობის სამსახური ჩაერთვება ამ საკითხის მოკვლევაში. ფაქტია, რომ ბიუსტი აკურის სამამულო ომის მემორიალის ტერიტორიაზე უკანონოდაა დადგმული და მერია მიიღებს შესაბამის ზომებს“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
აკურაში სტალინის ბიუსტი წლების წინ იდგა, თუმცა რამდენჯერმე მოიპარეს, ასევე წითელი საღებავით შეღებეს და ჩამოგდების შედეგად, დააზიანეს.