ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი საქართველოშია
ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი საქართველოშია

ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან, რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად საქართველოშია. ის ბათუმის შემდეგ გორში ჩავიდა და გადამღებ ჯგუფთან ერთად გორში მდებარე სტალინის მუზეუმში იმყოფებოდა.

„საქართველოში პირველად ვარ, ჯერ მხოლოდ ბათუმი და აქაურობა ვნახე, გუშინ, გვიან ღამით ჩამოვედი“, – აცხადებს კლარკსონი.

პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ იმყოფება ცნობილი ტელეწამყვანი სტალინის მუზეუმში, იგი პასუხობს, რომ მისი ჯგუფი მსოფლიოში ცნობილი დიქტატორების შესახებ სატელევიზიო მასალებს ამზადებს.

„ორი თვის წინ ჩინეთში ვიყავი, მაო ძედუნის მუზეუმი გადავიღეთ, დიქტატორების თემაზე ვმუშაობთ, რადგან დიქტატორების თემა ყოველთვის აქტუალურია“, – აცხადებს წამყვანი.

ჯერემი კლარკსონი ცნობილი ტელეწამყვანია, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-ით იცნობენ.  კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გაუშვეს, მან, ჰამონდთან და მეისთან ერთად Amazon Video-სთვის ახალი პროექტი – The Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.

რამდენიმე წლის განმავლობაში გადაცემა Top Gear-ს ექსკლუზიურად პირველი არხი აჩვენებდა.